· 14. 02. 2025 სიტუაცია და განცდები
თითოეულ მონაწილეს ჰერლუფ ბიდსტრუპის
ნახატი აქვს, რომელზეც გამოსახულია ერთი სიტუაცია და ოთხი სხვადასხვა ადამიანის განცდა
და ქცევა. ვთხოვე ბავშვებს, დააკვირდნენ და შემდეგ აღწერონ სიტუაცია და თითოეული ადამიანის
განცდები. ბავშვებთან ერთად ვმსჯელობთ იმის შესახებ, რომ კონკრეტული სიტუაციის მიმართ
ადამიანების დამოკიდებულება განსხვავებულია და, შესაბამისად, მათი განცდებიც სხვადასხვაგვარია.
ვკითხულობთ ზღაპარს
წითური კნუტი
ერთი პატარა ქალაქის სხვენში პატარა კნუტი ცხოვრობდა მშობლებთან და და-ძმებთან ერთად. ჩვენი კნუტი ოჯახში ყველაზე უმცროსი და თან, წარმოიდგინეთ, წითური იყო.
საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ ქალაქის ყველა კნუტი და კატა ნაცრისფერი გახლდათ. ზოგი მუქი ნაცრისფერი იყო, ზოგი - ღია, ზოგიც - თეთრი ნაცრისფერი ზოლებით. მაგრამ არავინ, სულ არავინ იყო წითური.
ერთ დღეს ჩვენს პატარა კნუტს უსიამოვნო ამბავი გადახდა თავს. როდესაც კნუტი ეზოში სასეირნოდ ჩავიდა, იქ ორი სიამის კნუტი დახვდა, რომლებიც ძალიან მხიარულად თამაშობდნენ ბურთს.
წითურ კნუტს ძალიან მოუნდა მათთან თამაში და ჰკითხა:
- თქვენ ისე კარგად თამაშობთ და მხიარულობთ, შემიძლია მეც რომ შემოგიერთდეთ? - არ ვიცით, - უპასუხეს კნუტებმა, - შემოგვხედე, ჩვენ როგორი ლამაზები ვართ, მუქი ნაცრისფრები, შენ კი რაღაც უცნაური ხარ, შენნაირი კნუტი არასდროს გვინახავს.
ამ დროს მათ მეზობელი ეზოდან ძალიან ცელქი კნუტი შეუერთდათ. წითური კნუტი დაათვალიერა და უთხრა: „რა სასაცილო ხარ! წითური და პატარა. შემთხვევით წრუწუნა ხომ არ ხარ?“
ძალიან ეწყინა წითურ კნუტს. სახლში მოწყენილი დაბრუნდა. მას შემდეგ ჭამის მადა დაკარგა და ცუდად ეძინა. ეზოში სეირნობასაც თავი დაანება. მთელ დღეებს ფანჯრის რაფაზე ატარებდა. დედიკოს კი ეუბნებოდა, რომ უბრალოდ რაფაზე ჯდომა მოსწონდა.
სინამდვილეში კი ეშინოდა, რომ ეზოში არავინ ეთამაშებოდა.
ერთ მოღრუბლულ დღესაც იჯდა მოწყენილი კნუტი და ეზოში იყურებოდა. დღეც ძალიან მოწყენილი იყო. ჟამი და ნაცრისფერი.
ამ დროს ღრუბლებიდან მზის სხივმა გამოანათა და სრულად შეცვალა არემარე. კნუტიც კი გამოაცოცხლა. „რა კარგია მზე“,
- გაიფიქრა კნუტმა თავისთვის, - „ის ყველას უყვარს, ათბობს და ახალისებს. მაგრამ მზეც ხომ ზოგჯერ ჩემსავით წითურია? ნუთუმეც შემიძლია, რომ გავახალისო ჩემს გარშემო კატები?“. ამ აზრით აღფრთოვანებულმა გადაწყვიტა ეზოში ჩასვლა.
როდესაც წითური კნუტი ეზოში ჩავიდა, იქ მთელი აურზაური დახვდა. ხეზე ძალიან პატარა თეთრი კნუტი იჯდა და ტიროდა. როგორც ჩანს, ძირს ჩამოსვლისა ეშინოდა. ხის გარშემო შეშინებული კატები შეკრებილიყვნენ და ნერვიულობდნენ, თეთრი კნუტი ხიდან არ ჩამოვარდნილიყო.
ჩვენი წითური ფისო მამაცად ახტა ხეზე და პატარა კნუტიც უვნებელი ჩამოიყვანა.
ხის გარშემო შეკრებილმა კატებმა ტაში დასცხეს. „შეხედეთ, რა ყოჩაღია ჩვენი კნუტი! მამაცი! თან როგორი საყვარელია? პატარა მზეს ჰგავს!“
წითური კნუტი ძალიან ბედნიერი იყო იმ დღეს. მან თეთრი კნუტი დაიხსნა განსაცდელისაგან და, როგორც იქნა, სხვა კატებმა მასში დადებითი თვისებები აღმოაჩინეს.
დავსვით
შეკითხვები და გავმართეთ დისკუსია: ·
რატომ იყო პატარა კნუტი მოწყენილი? ·
რატომ არ თამაშობდნენ მასთან სხვა კნუტები? ·
მოგწონთ ნაცრისფერი კნუტების ქცევა? რატომ? ·
თუ მომხდარა თქვენ ცხოვრებაში მსგავსი რამ? ·
რას ურჩევდით ნაცრისფერ კნუტებს? ·
რას ურჩევდით ერთმანეთს? |
·
28. 02. 2025 მეორეკლასელთა სირთულეები სკოლაში
ყველა
ადამიანის ცხოვრებაში აქვს ადგილი გარკვეულ სირთულეებს, რაც ზოგჯერ ცუდ ხასიათზე გვაყენებს.
(შესაძლებელია,
ასეთი საუბარი დაუკავშირდეს კონკრეტულ შემთხვევას).
გავაკეთოთ
„სირთულეების ყულაბა“, რომელშიც ყველა თავის სირთულეს ჩაყრის. შეგიძლიათ ხელის აწევით
დაასახელოთ ეს სირთულეები, მაგ., „სკოლაში მეორეკლასელებს უჭირთ. . . .“ შესაძლებელია
დახატოთ რთული სიტუაციები და შემდეგ ისაუბროთ
მათი გადაჭრის გზებზე.
აქაც
შესაძლებელია დიდაქტიკური ზღაპრის გამოყენება.
პატარა ნიანგის გასაჭირი
ერთ განიერ და წყნარ მდინარეში პატარა ნიანგი ცხოვრობდა. მას გრძელი კუდი და ბასრი კბილები ჰქონდა. პატარა ნიანგი, ისევე როგორც მდინარის სხვა 7 წლის ნიანგები, მდინარის სკოლაში დადიოდა. პირველ დღეებში ნიანგს ძალიან მოსწონდა და ეხალისებოდა სკოლაში სიარული, მაგრამ თანდათან ჩვენმა ნიანგმა ძალიან მოიწყინა, ვინაიდან მისი „საქმეები“ სკოლაში არც თუ ისე კარგად მიდიოდა. მას არაფრით გამოსდიოდა ყვინთვა და მწერებისთვის თავის მორად მოჩვენება. მის ყველა კლასელს ეს ყველაფერი უკვე I კლასში გამოსდიოდა. მასწავლებელიც, ქალბატონი ნიანგი, ამ ჩვენი პატარა ნიანგის გარდა, ყველა მოსწავლეს აქებდა. ზოგჯერ კიდევაც ეჩხუბებოდა და შეწუხებული ლურჯ ვარსკვლავებსაც უწერდა. ამ მთელ უბედურებას ისიც ემატებოდა, რომ ჩვენს პატარა ნიანგს კლასელები დასცინოდნენ და არ ემეგობრებოდნენ.
დედა ნიანგი ამას ძალიან განიცდიდა და მუდამ სვამდა კითხვას, თუ ვის ჰგავდა ეს პატარა ნიანგი. მამა ნიანგი ტუქსავდა და ხშირად თავის ბავშვობის შესახებ უყვებოდა: „მე, როდესაც შენხელა ვიყავი, ყველაზე ღრმად ვყვინთავდი კლასში და მორად თავის მოჩვენება ისე კარგად გამომდიოდა, რომ პეპლები მხოლოდ ჩემზე სხდებოდნენ და შენ რაღა გჭირს?“
რა უნდა ეპასუხა პატარა ნიანგს? ის თვითონაც განიცდიდა თავის წარუმატებლობას. პატარა ნიანგი მასწავლებელს ყურსაც აღარ უგდებდა, ვინაიდან თვლიდა, რომ მაინც ვერაფერს გაიგებდა.
ერთ დღეს მათ კლასში მეზობელი მდინარიდან ახალი პატარა ნიანგი გადმოვიდა. ახალი ნიანგი ჩვენ პატარა ნიანგს დაუმეგობრდა.
- რატომ მეგობრობ ჩემთან? - ჰკითხა ერთ დღეს პატარა ნიანგმა. - მე ხომ ისეთი უნიჭო ვარ, რომ ჩემთან არავინ მეგობრობს. ახალმა ნიანგმა ძალიან გაიკვირვა, რა გჭირს ასეთი, ცოტა მონდომება გაკლიაო.
ამ საუბრის შემდეგ პატარა ნიანგი ძალიან შეიცვალა. დილით ადრე დგებოდა და იწყებდა იმის გამეორებას, რაც მასწავლებელმა წინა დღეს ასწავლა. საშინაო დავალებებს დიდი მონდომებით,სიზარმაცის გარეშე ასრულებდა. მასწავლებელს ყურადღებით უსმენდა, მის თითოეულ ილეთს იმახსოვრებდა და შემდეგ იქამდე იმეორებდა, სანამ კარგად არ გამოუვიდოდა. როგორც იქნა, პატარა ნიანგმა ისწავლა ყვინთვა და თავის მორად მოჩვენება. მასწავლებელი უკვე ხშირად აქებდა და სხვა პატარა ნიანგებიც უფრო ხშირად რთავდნენ მას თამაშებში.
- აი, ხომ გეუბნებოდი, ყველაფერს შეძლებ, თუ მოინდომებ-მეთქი? - ეუბნებოდა ახალგადმოსული ნიანგი.
პატარა ნიანგი უკვე აღარ ფიქრობდა, რომ უნიჭო იყო. უბრალოდ მიხვდა, რომ ყველაფერს მონდომება და გამეორება სჭირდება. წლის ბოლოს კი ნიანგი მხოლოდ წითელ ვარსკვლავებს იღებდა. მშობლები ძალიან ბედნიერები იყვნენ შვილის წარმატებით. პატარა ნიანგი ძალიან ბედნიერი იყო და ხშირად იმეორებდა: „მე კარგად ვსწავლობ, მე ეს შემიძლია!“
გავმართეთ
დისკუსია.
Комментариев нет:
Отправить комментарий