28.12.2023
ჩვენ შეგვიძლია თანამშრომლობა
დაფაზე ვწერ სიტყვას „თანამშრომლობა“ და ვთხოვ მოსწავლეებს, განმარტონ ეს სიტყვა. შემდეგ დაფაზე ვწერ მოსწავლეთა მოსაზრებებს.
საბოლოოდ ვთანხმდებით, რომ თანამშრომლობა არის საქმის ერთად კეთების უნარი.
ვესაუბრები მოსწავლეებს, რომ მნიშვნელოვანი საქმის კეთებისას, დავალების შესრულებისას ბევრი ადამიანის ძალისხმევაა საჭირო. ძალიან რთულია მარტო სახლის აშენება, წიგნის გამოცემა, დიდი მოსავლის მოყვანა.
მაგრამ როდესაც ერთ საქმეში ბევრი ადამიანი მონაწილეობს, აუცილებელია, რომ მათ შეთანხმებულად იმოქმედონ. კარგია, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ თანამშრომლობა.
ვეუბნები მოსწავლეებს, რომ თანამშრომლობისთვის აუცილებელია შემდეგი:
ერთმანეთის მოსმენისა და გაგების უნარი;
მოლაპარაკების უნარი;
საქმიანობისას როლების სწორად გადანაწილების უნარი.
შემდეგ ვეკითხები, თუ რა უნარებია კიდევ აუცილებელი თანამშრომლობისთვის?
თანამშრომლობის უნარის სადემონსტრაციოდ მოსწავლეებს შემდეგ აქტივობას ვთავაზობ.
აქტივობა 1. „ხელთათმანები“
მოსწავლეებს შემდეგ ინსტრუქციას ვაძლევ: მე მინდა დავრწმუნდე, რომ ჩვენს კლასში ყველას კარგად შეუძლია თანამშრომლობა. ამისთვის ერთ დავალებას მოგცემთ:
მე დაგირიგებთ წყვილებს ხელთათმანის გამოსახულებებს, თქვენ კი ისე გააფერადეთ, რომ ორივე ხელთათმანი ერთნაირი იყოს. თავიდან ჯერ მოილაპარაკეთ, თუ როგორ
დახატავთ, ან რა ფერებს გამოიყენებთ.
დავალების შესრულების შემდეგ კედელზე ვაკრავთ მოსწავლეთა ნამუშევრებს.
შესაძლოა შეფასდეს, რომელი ხელთათმანები ჰგავს ყველაზე მეტად ერთმანეთს, ვინ შეძლო ყველაზე უკეთ თანამშრომლობა.
Комментариев нет:
Отправить комментарий