20.03.2026
მეგობრობა. სირთულეების დაძლევა მეგობრობის სფეროში; ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ. არ შეიძლება დავცინოთ, გავრიყოთ. დიდაქტიკური ზღაპარი
პატარა კურდღელი
პატარა კურდღელი დილის 7 საათზე მაღვიძარას ხმამ გამოაფხიზლა. სასწრაფოდ წამოხტა ლოგინიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო მისთვის, რადგან კურდღლების სკოლის მოთხილამურეთა შეჯიბრში უნდა მიეღო მონაწილეობა.
ზუსტად 8 საათზე ფიზკულტურის მასწავლებელმა ნიშანი მისცა მონაწილეებს და შეჯიბრიც დაიწყო. პატარა კურდღლის გუნდმა ძალიან კარგად დაიწყო შეჯიბრი. მათ ძალიან სწრაფად ჩამოიტოვეს უკან მოწინააღმდეგეები. პატარა კურდღელი ისეთი სისწრაფით მიჰქროდა, რომ ყურები ალმებივით უფრიალებდა. ამ დროს სათხილამურო ტრასაზე უსუსური ბარტყი შენიშნა, მთელი ძალით აუქცია გვერდი, მაგრამ თვითონ თავი ვერ შეიკავა, ბუჩქებში ჩავარდა და თხილამურიც გადაუტყდა. მისმა გუნდმა შეჯიბრი წააგო. . .
პატარა კურდღელს შემოეხვივნენ გუნდის წევრები და გულშემატკივარი კლასელები.
უმწეო ბარტყი მათ ვერ შენიშნეს და ამიტომ ჩვენს პატარა კურდღელს ჩხუბი დაუწყეს:
„შენს გამო წავაგეთ! ასეთი რამ როგორ დაგემართა?!“ გუნდის წევრები იმდენად გაბრაზებულები იყვნენ, რომ არც აცალეს პატარა კურდღელს წარუმატებლობის მიზეზის ახსნა.
პატარა კურდღელი სახლში ძალიან მოწყენილი დაბრუნდა. დედიკო სტაფილოს წვენით გაუმასპინძლდა, ანუგეშა კიდეც, მაგრამ ვერაფრით გამოუსწორა გუნება-განწყობილება. მეორე დღეს სკოლაში მეგობრებმა ხმაც კი არ გასცეს. ასე გაგრძელდა მთელი კვირა. პატარა კურდღელმა იმდენი ინერვიულა, რომ ერთ კვირაში 5 ლურჯი ვარსკვლავი მიიღო.
ორშაბათს სკოლაში კონკურსი გამოცხადდა საუკეთესო ხის ნამუშევრების შესაქმნელად. ხის ნივთების კეთება ძალიან კარგად შეეძლო ჩვენს კურდღელს.
ზოგმა მოსწავლემ ხის კოვზების კეთება დაიწყო, ზოგმაც - სამარილეების. მოგეხსენებათ, ხეზე მუშაობა არცთუ იოლი საქმეა. პატარა კურდღლებს გაუჭირდათ და დახმარებისთვის ფრთხილად, გაუბედავად მიმართეს ჩვენს პატარა კურღელს.
ჩვენი კურდღელი ძალიან კეთილი გახლდათ და ყველას დაეხმარა. უხსნიდა იარაღების გამოყენების, ორნამენტების გამოჭრის ხერხებს. კლასელებიც ისევ პატივისცემით განიმსჭვალნენ მისდამი.
გამოფენაზე ყველაზე ლამაზი და დახვეწილი ნამუშევრები ჩვენი პატარა კურდღლის კლასელებმა წარმოადგინეს. კლასელები მიხვდნენ თავიანთ შეცდომას და ჩვენს კურდღელს ბოდიში მოუხადეს. მასაც შესაძლებლობა მიეცა, აეხსნა თანაკლასელთათვის შეჯიბრის დროს წაქცევის მიზეზი. კლასელებს ძალიან შერცხვათ.
უცებ საგამოფენო დარბაზში ჩიტი შემოფრინდა და პატარა კურდღელს წერილი გადასცა - იმ ბარტყის დედისაგან იყო მადლობა, რომელიც კურდღელმა გადაარჩინა.
შეკითხვები
|
Комментариев нет:
Отправить комментарий